+995 558 11 60 64

jag@jag.ge

ინოვაციების ბანაკი: ფინანსური წიგნიერება 2018

7 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკმა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“, ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების თემაზე ახალგაზრდული „ინოვაციების ბანაკს“ უმასპინძლეს. ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში, ექვსი კომერციული ბანკისა (თიბისი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო, ტერაბანკი, ლიბერთი, კრედო ბანკი) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ჩართულობით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ლანჩხუთიდან, ჩხოროწყუდან, ზესტაფონიდან, აბაშიდან, ფოთიდან, სენაკიდან და ქუთაისიდან. ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო, და ცდილობენ ეფექტური, ინოვაციური მეთოდებით გადაჭრან პრობლემები. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ინტენსიური კონსულტაციები საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და სარგებლიანობის შესახებ. პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს, ევალებოდა პრეზენტაციის და ბიზნეს გეგმის წარდგენა, რის საფუძველზეც ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ეროვნული ბანკის, ფინკა ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან, გამოავლინა გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ მიიღო 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისათვის.

„სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში და ევრაზიაში“ 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.