+995 558 11 60 64

jag@jag.ge

წარმოდგენილი თამაში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) მიერ შექმნილი საგანმანათლებლო კომპიუტერული პროექტია, სახელწოდებით STEMერი, რომლიც ორიენტირებულია ეგრეთ წოდებული STEM (მეცნიერების-S, ტექნოლოგიის-T, ინჟინერიის-E და მათემატიკის-M) უნარების განვითარებაზე.

მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა, ახალგაზრდებს STEM უნარების განვითარება ბავშვობიდან სჭირდებათ, რათა სამომავლოდ მარტივად შეძლონ ნავიგაცია თანამედროვე ტექნოლოგიების კონკურენტულ გარემოში.

STEM თამაში, რომელიც VI კლასის პროგრამის „ჩვენი ქვეყანა“ ნაწილია, არის პირველი ქართული 3D ფორმატის საგანმანათლებლო თამაში, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეებში კონკრეტულად STEM უნარების გამომუშავებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ დასაქმებისთვის მზაობაა, თამაშში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას 51 პროფესიის შესახებ, რომელიც მათ ნათელ წარმოდგენას შეუქმნის თითოეული პროფესიის შესახებ და დაეხმარება პროფესიული მიმართულების არჩევანში.

მსოფლიო კვლევები გვიჩვენებს, რომ ვიდეოთამაშები ზრდის ტვინის მარჯვენა ნაწილში არსებულ რუხ ნივთიერებებს, რაც ავითარებს სივრცულ ნავიგაციას, სტრატეგიულ დაგეგმვას, მუშა მეხსიერებასა და მოტორულ უნარებს. დღესდღეობით, თანამედროვე მსოფლიოში ვიდეო თამაშებს, როგორც საგანმანათლებლო ინსტრუმენტებს, აქტიურად იყენებენ.

USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ფარგლებში შექმნილი STEM თამაში ორიენტირებულია მოსწავლეებში შემდეგი უნარების განვითარებაზე:  

  • თამაშში მოყვანილი პროფესიების შესახებ წარმოდგენის შექმნა და პროფორიენტაცია
  • ლოგიკური აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძიება
  • მრავალკომპონენტიანი დავალებისთვის თავის გართმევა
  • გარემოზე მორგება და მასთან შეგუება
  • იმედგაცრუებასთან და ცვლილებებთან შეგუება
  • რისკების განსაზღვრა
  • კონცენტრაცია და ნებისყოფა
  • მიზანდასახულობა და ნავიგაცია
  • ინსტრუქციის გაანალიზება და მისი თანმიმდევრობით შესრულება
  • ტექნოლოგიებთან დამეგობრება
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება